შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2 თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო. პროფკავშირების ინფორმაციით, რომელიც სასამართლოში მოსარჩელეთა ინტერესებს იცავდა, სააპელაციომ დაადგინა, რომ 2017 და 2018 წლებში მათ მოტყუებით, შეცდომაში შეყვანით დააწერინეს პატაკი და ისე გადაიყვანეს ჯერ კადრების განკარგულებაში, შემდეგ კი საერთოდ გაუშვეს სამსახურიდან.
ახლა სასამართლომ შსს-ს მათი სამსახურში აღდგენა და 110 ათას ლარზე მეტის გადახდა დააკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით:
ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 08 დეკემბრის და 2018 წლის 10 აპრილის ბრძანებები მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანისა და კადრების განკარგულებაში მყოფი მოსარჩელეთა შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეები აღდგებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის პრესცენტრის (სამმართველო) მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანმდებობაზე.
დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ გათავისუფლების დღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით განაცდურისანაზღაურება;
დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2017 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურება.