თანამედროვე ცეკვის პერფორმანსი რუსთავის თეატრში

2017-07-25 14:19:02

საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტის „ცეკვა სკოლაში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე - მონიკა ლენჰარდმა და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ - საშა ფაბრიმ წარადგინეს. ღონისძიებას პროექტის „ცეკვა სკოლაში“ ხელმძღვანელები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე 20 წუთიანი თანამედროვე ცეკვის პერფორმანსი გაიმართა, რომელიც პროექტის გერმანელმა ხელმძღვანელებმა დადგეს. მასში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ „ცეკვა სკოლაში“, რომელშიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სკოლები მონაწილეობენ, პირველად იმართება და გულისხმობს გერმანულენოვან სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილზე სწავლების ახალი მეთოდის დანერგვას. პროექტი 6 თვე გრძელდება და 3 ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპია საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი, რომელიც ქ.რუსთავის საერთაშორისო სკაუტების ბანაკში 16 ივლისიდან 26 ივლისამდე გრძელდება. მასში მონაწილეობს 8 სკოლის 32 მოსწავლე და 16 მასწავლებელი საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის სკოლებიდან. მეორე ეტაპია სკოლებში საპროექტო იდეების განხორციელება, ხოლო მესამე ეტაპია ვორკშოპი და თბილისში წარმოდგენა. პროექტის შესახებ გადაღებული იქნება დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება.