რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ძაღლმა მოქალაქე, ზურაბ ტერუაშვილი დაკბინა. დაშავებული ყვება რომ, მას რამდენიმე ძაღლი მიუახლოვდა, ერთ-ერთი მის მიმართ აგრესიულიობით გამოირჩეოდა და ფეხზე უკბინა. ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ჯანგულაშვილის თქმით, ძაღლის ნაკბენზე მიმართვიანობა ყოველწლიურად მატულობს და ბოლო 15 წლის მანძილზე მიმართვიანობა თითქმის გაორმაგდა. 2016 წელს, 22 ნოემბრის მონაცემებით, ძაღლის კბენის შემთხვევებზე 2305 მომართვაა დაფიქსირებული, პაციენტების 30-35% კი ბავშვები არიან. ექიმის განცხადებით, პაციენტზე დაკვირვების შემდეგ, მკურნალობა ინსტრუქციით გრძელდება, პირველადი აცრის ხარჯებს კი საყოველთაო დაზღვევა ფარავს. „ინფო რუსთავი“ დასუფთავების სამსახურის უფროსს ბადრი მოდებაძესაც დაუკავშირდა, მისი თქმით, პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიები ყოველდღიურად მიმდინარეობს. სამსახური იჭერს ძაღლებს, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევის შემდეგ სტერილიზაცია ან კასტრაცია უტარდებათ და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან, ბოლოს კი სანომრე ნიშნით ადგილზე აბრუნებენ. წელს რუსთავში დაახლოებით 1300 ძაღლს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ხოლო დაძინებული იქნა 65 ძაღლი.