ინცინდენტი რუსთავის მაღაზიაში [video]

2021-03-31 00:04:40

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ სასურსათო მაღაზიაში ინცინდენტი მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის” ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შუახნის მამაკაცი მაღაზიაში დასაქმებულ შვილთან მიიჭრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურ ძალადობასაც ცდილობდა.

როგორც თვითმხილველები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, მამაკაცი აგრესიული იყო მაღაზიაში მყოფი სხვა პირების მიმართაც. მათივე ინფორმაციით, კაცი ცდილობდა შვილზე ფიზიკურად ეძალადა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

ინცინდენტის შემდეგ შეუძლოდ გახდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის შვილი. გოგონას დახმარება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა.

როგორც მამაკაცის მეუღლემ, ხათუნა წიქარიშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, კაცის მხრიდან ოჯახის სხვადსხვა წევრი ძალადობის მსხვერპლი არერთხელ ყოფილა.

ხათუნა წიქარიშვილის თქმით, მამაკაცს გოგონასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა, თუმცა შემაკავებელ ორდერს ვადა 2 დღის წინ გაუვიდა.

ხათუნა წიქარიშვილის თქმითვე, კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები