რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის შუა გამყოფ ზოლზე ახალდარგული ნერგები მოიპარეს.
როგორც "ინფო რუსთავს" "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომელმა, ლაშა ღვინჯილიამ განუცხადა, მოპარულია დეკორატიული ხე-მცენარეების 3 ნერგი.
"გუშინ რუსთვსერვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა გამწვანების ღონისძიება. დაირგო 150-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, რაც ძალიან შრომატევადი და სასიამოვნო პროცესი იყო.
რაც მთავარია, ამ სახის აქტივობები ორიენტირებულია უკეთეს მომავალზე და ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე. თუმცა დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი, როდესაც დღეს დილით მოვედით ადგილზე აღარ დაგვხვდა 3 ნერგი. სამწუხაროა, მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ანგარიში გავუწიოთ ერთმანეთის შრომას და გავუფრთხილდეთ ბუნებას",- განაცხადა ლაშა ღვინჯილიამ.
ღვინჯილიას თქმით, "რუსთავსერვის ცენტრი" მოპარული ნერგების ადგილას ახალ ხე-მცენარეებს დარგავს.
შეგახსენებთ, 28 მარტს რუსთავში გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ფალიაშვილის ქუჩის შუა გამყოფ ზოლზე, ჯამში, 150-მდე დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო.