რუსთავში გამწვანების აქცია მოეწყო.
ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, ადგილორბივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოხალისეებმა ფალიაშვილის ქუჩის შუა გამყოფ ზოლზე დეკორატიული ხე-მცენარეები დარგეს.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, პროექტში რიგითი ეკო მოხალისის სახით ჩაერთო.
"ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავერთეთ რუსთავსერვის ცენტრის გამწვანებით აქციებში, როგორც რიგითი მოხალისეები. იცით, რომ დავაარსეთ ეკო კლუბი და მე დღეს, როგორც ეკო კლუბის რიგითი მოხალისეს, ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ტიპის აქციაში. დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება რუსთავში კიდევ უფრო მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები. ასევე ვთხოვ ყველას, რომ ჩაერთონ და დაგვეხმარონ, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს კიდევ უფრო მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და ლამაზი", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას თქმით, რუსთავი კარგი მაგალითია ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო აქტივისტების კოორდინირებული მუშაობის კუთხით.
"კარგი მაგალითია რუსთავი, თუ როგორ შეიძლება ჩართული იყოს სამოქალაქო აქტივი ადგილორბივ თვითმმართელობაში მუნიციპალიტეტთან ერთად და ის ვალდებულებები, რაც ქალაქს აქვს აღებული ჰაერის მართვის გეგმასთან დაკავშირებით, ერთად განვახორციელოთ და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე. სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაფუძნებულმა ეკოლოგიურმა რუსთავმა შექმნა კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე, რომლის მოვლა-პატრონობასაც, რა თქმა უნდა, თავის თავზე იღებს მუნიციპალიტეტის სერვისი", - განაცხადა ტაბაღუამ.
შუა გამყოფ ზელზე, ჯამში, 150-მდე დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო.
"რუსთავსერვის ცენტრის" ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით არსებული გზა გამყოფებისა და უბნური ტიპის ცარიელი სივრცეების გამწვანების სამუშაოები გაგრძელდება.