ამირან გამყრელიძე მეუფე იოანეს პასუხობს

2021-03-16 19:24:25

"მინდა დავუდასტურო მეუფე იოანეს ჩემი ღრმა პატივისცემა, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ღია ეთერში ამ საკითხზე საუბარი. ნამდვილად არ არის ეს ასე და მზად ვარ ნებისმიერ დროს მასთან პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრო ამ საკითხზე", - ასე შეაფასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის მიერ "ინფო რუსთავთან" გაკეთებული განცხადება, რომელშიც მეუფე ამბობს, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა დამზადებულია "აბორტის მსხვერპლისგან".

საინფორმაციო სააგენტოს მიერ დასმულ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პირდაპირ ეთერში სხვა ეპიდემიოლოგებიც გამოეხმაურნენ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ აღნიშნა, ვაქცინა დამზადებული ნამდვილად არ არის აბორტის მსხვერპლისგან და ამ საკითხზე კამათს არ აპირებს.

"ვაქცინა ნამდვილად არ არის დამზადებული აბორტის მსხვერპლისაგან. ჩვენ არ შევალთ კამათში ამ საკითხზე, მაგრამ მზად ვარ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ პირს ვესაუბრო", - განაცხადა იმნაძემ.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმაც.

მისი თქმით, წარმოუდგენელია აბორტის მსხვერპლისგან დამზადდეს ამ რაოდენობის ვაქცინა.

"ან როგორ არის წარმოსადგენი, მსოფლიოს რომ ეყოფა იმდენი ვაქცინის დამზადება აბორტის მსხვერპლისგან. ფიზიკურად წარმოუდგენელია, დასდევენ და აბორტს უკეთებენ ძალით?", - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.