რომელი ვაქცინის წინააღმდეგია მეუფე იოანე [video]

2021-03-11 13:25:25

"ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან დამზადებული, უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩემთვის მიუღებელია", - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე იოანე გამრეკელმა "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საინფორმაციო სააგენტომ მეუფეს ჰკითხა, რა პოზიცია აქვს ვაქცინაციასთან დაკავშირებით და რას მოუწოდებს მრევლს. [ვიდეო/video]

როგორც იოანე გამრეკელმა განმარტა, ამ ნიშნით მისთვის მიუღებელი "ასტრაზენეკას" ვაქცინაა.

"გააჩნია, რომელ ვაქცინაზეა საუბარი. არის სხვადასხვა ვაქცინები, სხვადასხვა ბაზაზე შესრულებული. აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან დამზადებული, უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩემთვის მიუღებელია, კანიბალიზმის დონემდე მიდის უდანაშაულოს, უმანკოს, ძალადობით მოკლულის მიერ ჯანმრთელობას მივხედოთ. ეს განხილული იყო წმინდა სინოდზეც. საუბარია ასტრაზენეკაზე და ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც მხოლოდ ამიტომ", - აცხადებს მეუფე. 

"ინფო რუსთავის" კითვის საპასუხოდ, რას მოუწოდებს მრევლს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა "ასტრაზენეკას" ვაქცინას შემოიტანს, მეუფე ამბობს, რომ აქვთ უფლება, აცრაზე რელიგიური მოტივით უარი თქვან. 

"მე ჩემი სიტყვა ვთქვი და მთავრობამ თავის სიტყვა თქვას. არის მეორეც, ფაიზერი, მაგრამ რომელს შემოიტანს მთავრობა, ეს მისი საქმეა, ჩვენ რელიგიური მოტივით შეგვიძლია ვთქვათ უარი. გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ის, რომელიც ჩვენთვის მისაღებია.

ვთქვით უკვე, რა არის ამ ვაქცინის საფუძველი. მგონი ეს რომ ეცოდინებათ, არავინ არ მოინდომებს. რეკომენდაციას მრევლს მეტს აღარ მივცემთ, გამოვააშკარავეთ რა არის ჩადებული ამ ვაქცინაში და თვითონ ადამიანმა გადაწყვიტოს მისთვის მისაღებია თუ არა", - განაცხადა იოანე გამრეკელმა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები