რუსთავის პროფესიულ კოლეჯ "მოდუსში" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა ახალი დირექტორი პავლე თვალიაშვილი წარადგინა.
მინისტრის მოადგილე ასევე პირადად გაეცნო, განახლდა თუ არა სასწავლო პროცესი დაწესებულებაში ჯანდაცვვის სექტორის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით.
"დღეს დავაკვირდით სწავლის განახლების პროცესს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს იმ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით, რაც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული.
ასევე, მოხდა ახალი დირექტორის წარდგენა თანამშრომლებისთვის. განვიხილეთ და ვისაუბრეთ რუსთავის მერთან ერთად პერსპექტივაზე და ახალ იდეებზე. ძველმა დირექტორმა დატოვა თანამდებობა პირადი მიზნებით, რაც იყო სამწუხარო გადაწყვეტილება ჩვენთვის, თუმცა, შეირჩა ახალი დირექტორი, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი პროფესიონალი ახალგაზრდული არაფორმალური განათლების მიმართულებით და ასევე ძალიან ცნობადი სახე რუსთავში", - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
ახალი დირექტორის, პავლე თვალიაშვილის განცხადებით, კოლეჯში ბევრი სიახლე იგეგმება.
"დღეს განხორციელდა ვიზიტი მონიტორინგის თვალსაზრისით და შეფასდა როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი განახლებულ გარემოში. ჩვენი კოლეჯი აკმაყოფილებს ყველა უსაფრთხოების სტანდარტს, რომელიც არის მოთხოვნილი რეგულაციებით. 9-დან უკვე ვგეგმათ ნაწილობრივ ჰიბრიდულ სისტემაზე გადასვლას.
კოლეჯი აპირებს ახალი პროგრამების ამუშავებას. ბოლო პროგრამა, რაც დაგვიმტკიცდა კულინარიის ხელოვნებაა და მალე გამოვაცხადებთ მიღებას. ამასთანავე, იხსნება ფილიალი მარნეულში და იქნება წარმოდგენილი ის პროგრამები, რაც შესაბამისობაშია ადგილორბივ ბაზართან", - განაცხადა პავლე თვალიაშვილმა.
შეგახსენებთ, პავლე თვალიაშვილმა "მოდუსის" დირექტორის პოზიციაზე კაკი კერვალიშვილი ჩაანაცვლა.
კერვალიშვილი აღნიშნულ თანამდებობას 5 წლის განმავლობაში იკავებდა.