გაძვირდა თუ არა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა

2020-02-25 13:54:48

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.

დიდუბის ავტოსადგურიდან მგზავრობის ტარიფები ასე გამოიყურება:

თბილისი-ქუთაისი, თბილისი-თერჯოლა, თბილისი- ხონი, თბილისი-ზესტაფონის მიმართულებებზე ტარიფი 15 ლარამდე გაიზარდა. თბილისი-ზუგდიდი, თბილისი- სენაკი, თბილისი-აბაშა, თბილისი-მარტვილის მიმართულებებზე 20 ლარამდე. ხოლო, თბილისი საჩხერის 12 ლარამდე. ფასის ზრდა 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს სხვადასხვა მიმართულებებზე.

ასევე ცნობილია, რომ 1 მარტიდან, თელავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურიც გაიზარდა. აღნიშნული მიმართულებით მგზავრობა 2 ლარით გაძვირდა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზვრობა გაძვირდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულებამაც მოიმატა. კომენტარისთვის ინტერტრანს დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ინფორმაციას, მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ, სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. სრული პასუხისმგებლობით, ვაცხადებთ, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასური არ გაზრდილა",- ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია ინტერტრანსის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ცერცვაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.

ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ინტერტრანსის დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით მუშაობენ.

კერძოდ: რუსთავიდან პირველი მარშრუტი 06:30 საათზე შესრულდება.

ბოლო სატრანსპორტო საშუალება დედაქალაქის მიმართულებით 18:00 საათზე გავა;

თბილისიდან რუსთავის მიმართულებით პირველი მარშრუტი 07:30 საათზე შესრულდება. ბოლო სატრანსპორტო საშუალება თბილისიდან რუსთავის მიმართულებით 19:00 საათზე გავა;

"თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით დამატებითი ცვლილებები განხორციელდა ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება",- აცხადებენ კომპანიაში.