რომელ საკვებ პროდუქტებზე მოიმატა ფასმა?

2016-11-19 19:03:59

ლარის გაუფასურებასთან ერთად პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენციაც შეიმჩნევა. ამ დროისთვის რუსთავის ე.წ „სტამბოლის ბაზარზე“ ფასები რამდენიმე დასახელების პროდუქტს მოემატა. მათ შორისაა რძის პროდუქტები, ქარხნის ყველის ფასი 10 ლარიდან 11-12 ლარამდეა გაზრდილი, იმერული ყველი კი თუ აქამდე 7.50 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 8 ლარია. ფასები მომატებულია ბოსტნეულზეც, რაც ძირითადად თურქეთიდან იმპორტს უკავშირდება. პომიდორისა და კიტრის ფასი 3ლარია. კომბოსტო 70-80 თეთრი ღირს. ხახვის ფასი 30 თეთრით გაიზარდა და ახლა 1 ლარს შეადგენს, მოიმატა ბულგარული წიწაკის ფასმაც, თუ აქამდე 1კგ ქართული ბულგარული წიწაკის ფასი 50-60 თეთრი იყო, იმპორტირებული ბულგარულის ფასი 5 ლარია. ბაზარზე კარტოფილის ფასი 60-დან 80 თეთრამდე მერყეობს. ლობიოს კი  3.20 ლარიდან 7 ლარამდე ღირს. წიწიბურას ფასი 2.70ლარი, ბრინჯის კი 3.20 ლარია. ხორცისა და თევზეულის ფასი, როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, არ გაზრდილა. მომხმარებელს ხორცის შეძენა 9-დან 11 ლარამდე, თევზის კი 5 ლარად შეუძლია. 20 თეთრით მოიმატა ჩაის ფასმა. რაც შეეხება ნიგოზს,მოვაჭრეები ამბობენ რომ ქართული ნიგოზი დეფიციტშია, ამჟამად ბაზარზე მისი ფასი 25 ლარია. მოვაჭრეების თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სავარაუდოდ, პროდუქტებზე ფასები კიდევ მომატებს.