ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
სასამართლო პროცესი დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში ბრალდებისა და დაცვის მხარეებს თავიანთი მტკიცებულებებისა და პოზიციების დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ.
სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ნიკა მელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან ადევნებდა თვალს, სადაც მის მხარდასაჭერად ოპოზიციური სპექტრის თითქმის ყველა წარმომადგენელია შეკრებილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.
ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. თუმცა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.
ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.