კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, სექტემბრისთვის ნებადართული იყოს, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ტელეკომპანიის ცნობით, Pfizer– მა და Moderna– მ ვაქცინების ბავშვებზე გამოცდა უკვე დაიწყეს, თუმცა შედარებით უფროს ასაკობრივ ჯგუფებში. Pfizer-ის კლინიკურ ცდაში, რომელიც 12-15 წლის ბავშვებზე ტარდება, 2 259 მონაწილეა ჩართული. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შედეგებს 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ, რის შემდეგაც ცდას 5-11 წლის ასაკის ბავშვებზეც ჩაატარებენ. Moderna კი კლინიკურ ცდებს 12-18 ასაკის მოზარდებზე ახორციელებს და განახლებული მონაცემების წარდგენას 2021 წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.
კომპანიას ასევე განზრახული აქვს, რომ ვაქცინის მოქმედება კიდევ უფრო მცირე ასაკის - 6 თვიდან 11 წლამდე - ბავშვებში გამოსცადოს, თუმცა აცხადებს, რომ ამ მონაცემების მიღებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.