თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას ეხმაურება.
"ბ.ნ ალეკო თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან, ნომერიც ჩაგვაწერინეთ, მეც მინდა ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ ეს არის 577 20 ** ** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ჩაინიშნეთ? 577 20 ** ** ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე ის რასაც გიკარნახებთ გაყალბდა თუ არა არჩევნები იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ"- ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას.
რთულად მოვედით მე და ლევან იოსელიანი ამ დარბაზამდე. მძიმე გზა გამოვიარეთ, დინების საწინააღმდეგოდ წასვლა, აღმაცურვა, ბევრი სირთულის გაძლება მოგვიწია, ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელმაც სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით დღეს პირველად ისარგებლა.
მისი თქმით, დღეიდან, როგორც დეპუტატი უპასუხებს იმ ტელეფონის ნომერზე ზარებს, რომელზეც მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიისას პასუხობდა.
„ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ რისიც გვწამს და რისიც გვჯერა, ყოველთვის იმას გავაკეთებდით. გვჯერა და გვწამს, რომ აქ ოპოზიცია უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს. ასე იქნებოდა და ასე იქნება სწორი. ზოგს ჰგონია და ალბათ, ბევრს ვერც დავაჯერებთ, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა, აქ რაღაც პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. ამას, რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს. ალბათ, ადევნებდით ჩემს საარჩევნო კამპანიას თვალს, გვქონდა ძალიან უცნაური საარჩევნო კამპანია, ტელეფონის ნომერი მქონდა გამოქვეყნებული, მთელი ჩემი გუნდი ხალხს პასუხობდა. გავიმეორებ ჩემს ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ, ისევ მექნება ეს ნომერი ჩართული. ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს. რაც მთავარია სხვები პრობლემებს გვეტყვიან. ჩემი ნომერია -593 58 40 52, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ და 4 წლის განამვლობაში ვუპასუხებ, როგორც დეპუტატი. ჩემთვის დეპუტატობა არის მეტი იარაღი და მეტი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ, ვიმუშაოთ და მოვაგვაროთ. ხალხის პრობლემები გვინდა რომ ამ დარბაზში ისმოდეს და ამიტომ ვართ აქ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მობილური ტელეფონის ნომერი არის პერსონალური მონცემი, რის გამოც "ინფო რუსთავმა" თეა წულუკიანის მიერ დასახელებული ნომერი ნაწილობრივ დაფარულად გაასაჯაროვა.