"ვაქცინების მიწოდებაში არასამართლიანობაა"

2021-01-29 13:59:59

კრიტიკა ძალიან ადვილია, საქმის კეთებაა რთული, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საქართველოს კლინიკების ასოციაციაციის მიმართვას.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინების მოსაპოვებლად სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს.

“ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა დაიწყო აგვისტოში, წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა “კოვაქსიდან”, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად და არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯანმო-მ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ვაქცინების მიწოდების პროცესში არსებული არასამართლიანობის საკითხი ჰანიხილა.

„ასტრაზენეკასთან“, რუსულ და ჩინურ ვაქცინებთან ერთად კიდევ ერთი ვაქცინა „ნოვავაქსი“ დაინერგება. ამას მოყვება კიდევ 3 ვაქცინა, რომელიც დიდი ალბათობით, გვიან გაზაფხულზე გამოჩნდება მსოფლიო ბაზარზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გლობალურად ვაქცინების სერიოზული დეფიციტია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უსამართლობა, ანუ არასამართლიანობა ვაქცინების მიწოდებაში განიხილებოდა მსოფლიო ჯანმრთლობის ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტზე. ძირითადად, ის ქვეყნები, სადაც იცრებიან, მდიდარი ქვეყანაა, მაშინ, როდესაც საშუალო და დაბალ განვითარებულ ქვეყნებში, სამწუხაროდ, მიწოდება გვიანდება. საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ღონეს ხმარობენ. იცით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა გააჟღერა, რომ მომავალი ასი დღის განმავლობაში ყველა ქვეყანაში აცრილი იყოს სამედიცინო პერსონალი“, - აცხადებს გამყრელიძე.