ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის წესები 1 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რეგულარული ფრენები განახლდება, შეიცვლება. კერძოდ, მათ შეეძლებათ ქვეყანაში შემოვიდნენ ნეგატიური PCR ტესტით და 8-დღიანი იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ განმეროებითი ტესტი და გათავისუფლდნენ იზოლაციისგან.
"1-ლი თებერვლიდან ფრენების აღდგენასთან ერთად, ექნებათ არჩევანის უფლება შემოვიდნენ ნეგატიური ტესტით და 8-დღიან იზოლაციაში გადაინაცვლონ ან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ ტესტი და თავისუფალი არიან იზოლაციისგან. ვისაც არ ექნება ნეგატიური ტესტი, მათთვის 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება", - განაცხადა თურნავამ.
თურნავას განმარტებით, აქამდე მოქალაქე ნეგატიური PCR ტესტით შემოდიოდა და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიოდა. PCR ტესტის გარეშე შემომსვლელები კი გადადიოდნენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, ვაქცინირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქვეყანაში უპირობოდ შემოვლენ.
"ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა. ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეები და რეზიდენტები, რომლებსაც ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ვალდებულები იქნებიან ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ 3 დღეში გაიკეთონ PCR ტესტი. თვითიზოლაციის ვალდებულება არ ექნებათ", - განაცხადა თურნავამ.
ავიაკომპანიებს ეკონომიკის მინისტრმა მიმართა თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ.