საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

2021-01-22 13:56:40

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ასევე პირბადის გამოყენება და სავაჭრო ცენტრებში დაწესებული მოთხოვნები ძალაში რჩება.

„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება სავალდებულო პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, წელს ტურისტული სეზონი მთელს მსოფლიოში ჩავარდა.

„ვიცით, რომ არის დიდი პრეტენზია და ზამთრის კურორტებს მართლაც უჭირთ, რადგან პრაქტიკულად ეს სეზონი მათთვის გაცდა, მაგრამ ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა და ზამთრის კურორტები არ ჩაგვეკეტა, იქ მივიღებდით ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას და მოგვიწევდა უფრო სწრაფი ზომების მიღება ამასთან დაკავშირებით.

შეიძლებოდა რეგიონის სრული გადაკეტვაც საჭირო გამხდარიყო. თუ შევხედავთ მსოფლიო მაგალითებს, უმეტესად, ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს. ამიტომ ვერ მივიღეთ გახსნის გადაწყვეტილება, ვემორჩილებით ეპიდემილოგიურ ვითარებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.