რუსთავში მაღაზიები მუშაობას განაახლებენ

2021-01-22 13:17:09

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შაბათ-კვირას მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით;

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი იმ 5 ქალაქში (ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში), სადაც ტრანსპორტი 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

„იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.