სკამების რეალური ისტორია [photo]

2021-01-19 17:25:24

Facebook მომხმარებლის მარინე აბულაშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოებს, რომლებში გოგებაშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული ახალი სკამებია აღბეჭდილი, არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ ტროტუარზე ნაგვისურნებიანი სკამები დაამონტაჟა.

თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალურად სკამები ამ ქუჩაზე არსებული რესტორნის მეპატრონეებმა გააკეთეს და სკამებს შორის არსებული ყუთები არა ნაგვის ურნები, არამედ მცენარეების ქოთნებია.

ამის შესახებ რესტორნის ერთ-ერთმა მფლობელმა ლადო პიტავამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

"მეგობრებო, აი ასეთი ამბავია: ერთი კვირა იქნება გოგებაშვილის ქუჩაზე ჩვენი რესტორნის წინ ტროტუარი მოვაწესრიგეთ, გავალამაზეთ და დავდგით სკამები, რომელშიც მცენარეების ქოთნებია ჩამონტაჟებული.

მოგეხსენებათ, გოგებაშვილზე რამხელა პრობლემაა ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ვიფიქრეთ ამით ჩვენც პატარა წვლილს შევიტანდით იქაურობის კეთილმოწყობაში. დღეს გავიღვიძე და ჰოი საოცრებავ, მთელს ფეისბუქსივრცეში ჩვენი სკამებია გამოფენილი, როგორც მერიის ნამოქმედარი, ხოლო ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული..

საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის ოჯახური ტრაგედიის გამო, ქოთნებში მცენარეების ჩარგვა ვერ მოვასწარით  და ამ დღეებში ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ხომ განსაკუთრებული სისხარტით ამოვავსებთ ხოლმე ყველა ღრიჭოს, ორმოსა თუ ჩაღრმავებას და სანამ მცენარეები დავრგეთ, ჩვენი ქოთნებიც საყოფაცხოვრებო ნაგვით დაგვხვდა სავსე. ეს ხომ თავისთავად მშვენიერი, მაგრამ აი მთელი დღეა ათასობით ადამიანი უყურებს ფოტოებს და განიხილავს რაში დასჭირდა მერიას სკამებში ურნების ჩამონტაჟება... რა კომენტარი უნდა გააკეთო არც ვიცი... მაგრამ კიდევ ერთხელ მათთვის ვისაც დანახულის და წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს: მერია არაფერ შუაშია! ეს ქოთნებია და არა ურნები! ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ  ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ!",- წერს ლადო პიტავა.  

როგორც ლადო პიტავამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მათ უკვე ყუთები გაანთავისუფლეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და მასში მცენარეებიც ჩარგეს.