ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია.
მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ვაქცინაცია რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
„ჩვენ ყველას გვახსოვს მოზრდილ ასაკში, რომ სკოლაში, საბავშვო ბაღში ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული. მე მინდა გითხრათ, რომ საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს. ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება...
რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთის ერთ- ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო „ნასაში“ მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის და ის ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთო, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში რელიგიის კუთხით არ არსებობსო. მე მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით, ასეც იქნება“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომდე მოვა და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არა, ეს კითხვები ექიმებს შემდეგ უნდა დავუსვათ.
„თუ ადევნებთ თვალ-ყურს, ყოველ წუთს რაღაც იცვლება კოვიდის დაავადებასთან დაკავშირებით, ვაქცინასთან დაკავშირებით. სულ მუდმივად რაღაც ცვლილებები და ახალი ამბებია. ამასწინათ იყო კიდევ ახალი ამბავი, რომ მოიპარეს ვაქცინის დოკუმენტაცია, ჰაკერები რომ შეცვიდნენ და გადააკეთეს. იყო ასეთი ინფორმაციაც. მე ასევე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა. ფიზიკურად ვაქცინა ჯერ არ არის ჩვენამდე მოღწეული. რომ დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები, რაც გვაინტერესებს. პირველ რიგში ექიმებს დავუსვათ ეს კითხვები. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ ექიმები. მერე გადავწყვიტოთ. წინასწარ ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე, რაც არ ვიცით. დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.