რა დამატებითი რეგულაციები დაუწესდებათ ბაზრობებს

2021-01-26 13:44:31

იმისთვის, რომ 15 თებერვლიდან ტანსაცმლის ბაზრობები გაიხსნას, ყველა მოიჯარესა და მოვაჭრეს, რომელიც აღნიშნულ ბაზრობებზეა დასაქმებული, ჩატარებული უნდა ჰქონდეს კოვიდ ტესტირება - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცახდეს.

როგორც ლილო-მოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩომახიძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, ადმინსტრაცია ტესტს ჩაუტარებს 4 000-მდე მოიჯარეს, მოიჯარეებმა კი მათ მიერ დასაქმებული პირების შემოწმება უნდა უზრუნველყონ.

"15-დან ჩვენც უნდა გავიხსნათ. რეგულაციები, რა თქმა უნდა, გამკაცრებული იქნება. ტესტირებას გაივლის ყველა მოიჯარე, ვინც გახსნის სავაჭრო ობიექტს და ასეთი 4 000 მოიჯარე გვყავს ჩვენ. მათ კი ევალებათ, ტესტი ჩაუტარონ თავიანთ ობიექტში დასაქმებულ პირებს", - განაცხადა გიორგი ჩომახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია რომ:

აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.

ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.