არჩილ თალაკვაძის განცხადება მოლაპარაკებების შემდეგ

2020-12-07 16:53:54

დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია შეთანხმებისკენ. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია შეთანხმებისკენ. ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას და გრძელვადიან თანამშრომლობას. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. იმედს გამოვთქვამ, შემდეგ შეხვედრებზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების ისე შეთახნხმებას, რომ შესაძლებელი გახდება მისი გაფორმება. განმეორებით არჩევნებს "ოცნება" არ განიხილავს. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ გააკეთა არჩევანი და არ გვაქვს საფუძველი ეჭვქვეშ დავაყენოთ ის", - ამბობს თალაკვაძე.

ჟურნალისტებთან კომენტარები მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმაც გააკეთეს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად საქმიანი და პოზიტიური იყო.

მისივე თქმით, მხარეებს შორის ზოგიერთ საკითხზე პოზიციების დაახლოება ხდება, თუმცა ძირითად თემებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აზრთა სხვადასხვაობაა.