ავტომობილების ვერტიკალური პარკირება

2017-06-06 19:58:40

„სტარტაპ საქართველომ“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ავტომობილების ვერტიკალურის პარკირების სისტემა“ პრეზენტაცია გამართა. ეს სისტემა ლითონის რამდენიმესართულიან კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს ერთი მანქანისთვის განკუთვნილ ადგილზე 4-10 მანქანის პარკირების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია,რომ კონსტრუქციის მონტაჟი და დემონტაჟი უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი. მას კომპიუტერიზირებული მართვის სისტემა აქვს. პარკირებიდან მანქანის გაყვანა 40 წამშია შესაძლებელი. პროექტს საფუძვლად დაედო ქართული პატენტი, რომლის ავტორებიც ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი - მალხაზ ცისკარიშვილი, ინჟინერი - სერგო ჯორბენაძე,  ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი - ანზორ საკანდელიძე და ეკონომისტი - ფრიდონ გუნცაძე არიან. „ვერტიკალური პარკირების სისტემა“ გამარჯვებულად სექტემბერში გამოცხადდა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარია, რომელშიც „სტარტაპ საქართველოს“ ინვესტიცია 90 000 ლარს შეადგენს. კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „რევერსმა“  „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებითა და „საქართველოს ვაგონმშენებლობის კომპანიის“ მხარდაჭერით ააგო.

თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოსაწყობად მერია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.