მწვანე ბარათის, ანუ Green Card–ის გათამაშებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
რა არის მწვანე ბარათი?
მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).
როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა?
გრინ ქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია. საკმარისია, იცოდეთ ელემენტარული ინგლისური, რათა შეავსოთ გათამაშების ოფიციალური ფორმა.
ფორმა ივსება მხოლოდ და მხოლოდ (!) ერთ საიტზე და მისი მისამართია https://www.dvlottery.state.gov. ეს არის ერთადერთი ოფიციალური საიტი და მხოლოდ აქ შევსებულ ფორმაზე გაქვთ სრული გარანტია, რომ თქვენი მონაცემები გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. სავალდებულოა აკმაყოფილებდეთ მხოლოდ ერთ პირობას ამ ორიდან:
გქონდეთ დამთავრებული საშუალო სკოლა, მინიმუმ 11 კლასი;
ან
გქონდეთ მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, აშშ-სთვის საინტერესო სფეროებში (პროფესიების და სფეროების ჩამონათვალი იხილეთ აქ).
გაითვალისწინეთ, რომ სკოლის დამთავრების ან სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები მონაწილეობის ფორმის შესავსებად საჭირო არ არის. ფორმის შევსებით თქვენ უბრალოდ ეთანხმებით, რომ ამ ორი მოთხოვნიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებთ. საბუთების წარდგენა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გახდება საჭირო.
რა მონაცემებია საჭირო ფორმის შესავსებად?
ფორმაში უთითებთ ძირითად მონაცემებს თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხართ თუ არა ქორწინებაში და რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული. ასევე, საჭიროა ფოტოსურათი.
დამატებით, თუ დაქორწინებული ხართ, იგივე მონაცემები და ფოტოები იქნება შესავსები თქვენი მეუღლისთვის და თქვენი ყველა შვილისთვის. ქორწინებაში იგულისხმება მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერა, ქორწინების მოწმობით.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინო ფორმის შევსებისას?
მიაქციეთ ყურადღება ინფორმაციის სიზუსტეს. არაფერი შეგეშალოთ, თორემ გამოსწორების შანსი აღარ გექნებათ.
აუცილებლად დაუკვირდით, როგორ წერთ სახელსა და გვარს — ფორმაში ეს ველი უნდა შეავსოთ ზუსტად ისე, ლათინური ასოებით, როგორც ეს პასპორტში წერია.
გაითვალისწინეთ, რომ მეუღლის და შვილების შესახებ ინფორმაციის შევსება სავალდებულოა. გამარჯვების შემთხვევაში, თქვენთან ერთად მწვანე ბარათს მიიღებენ მეუღლეც და შვილებიც 21 წლამდე. თუ ფორმის შევსებისას მათ მონაცემებს არ, ან არასწორად მიუთითებთ, ისინი ამ შანსს დაკარგავენ.
ასევე გირჩევთ, შეავსოთ ფორმა თქვენი მეუღლის სახელზეც. ამით, თქვენს ოჯახს გამარჯვების ორმაგი შანსი აქვს — თუ მოიგებს თქვენი მეუღლე, მწვანე ბარათი ავტომატურად გერგებათ თქვენც და თქვენს შვილებსაც.
ფორმა შევავსე, ახლა რა ვქნა?
ახლა, დაელოდეთ მომავალ წელს. გათამაშება ყოველ წელს, ოქტომბერ-ნოემბერში იმართება და პასუხები მომავალი წლის 2 მაისიდან ხდება ცნობილი.
წლევანდელ, DV-2018 გათამაშებაში რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 ნოემბერია.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ერთ ადამიანს ფორმის შევსება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. არ შეავსოთ ფორმა ორჯერ ერთი ადამიანისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, ორჯერ შევსებული ფორმა მწვანე ბარათს დაგაკარგვინებთ.
რაც ყველაზე მთავარია: ამოიწერეთ და კარგად შეინახეთ ფორმის შევსების შემდეგ გამოსული დასტურის ნომერი (Confirmation number). საუკეთესო ვარიანტია, დააკოპიროთ ეს ნომერი და საკუთარ თავს გაუგზავნოთ ელფოსტით. ამ ნომრის გარეშე შეუძლებელია გაიგოთ, გაიმარჯვეთ თუ არა გათამაშებაში.
როგორ გავიგებ, თუ გავიმარჯვე?
ყოველ წელს, 2 მაისიდან ხელმისაწვდომი ხდება წინა წლის გათამაშების შედეგების შემოწმების ფუნქცია ოფიციალურ ვებსაიტზე. ანუ, თუ მონაწილეობას წლევანდელ, 2016 წლის გათამაშებაში მიიღებთ, რომელიც 7 ნოემბრამდე გრძელდება, შედეგების ნახვა 2017 წლის 2 მაისიდან შეგეძლებათ.
ლატარიის საიტზე შესვლისას წინა წლის შედეგების შესამოწმებელი ფორმა დაგხვდებათ. შედეგის სანახავად საჭირო იქნება დასტურის ნომერი (Confirmation number), რომელიც ფორმის შევსების შემდეგ მიიღეთ, თქვენი გვარი და დაბადების წელი.
მოინიშნეთ ეს თარიღი და არ დაგავიწყდეთ თქვენი შედეგის შემოწმება. გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავად არ დაგიკავშირდებათ. თუ შედეგს არ შეამოწმებთ და, გამარჯვების შემთხვევაში, შემდგომ ინსტრუქციებს არ მიჰყვებით, მოგებულ გრინ ქარდს დაკარგავთ.
რა ხდება გამარჯვების შემდეგ, უკვე ჩემია მწვანე ბარათი?
გათამაშებაში გამარჯვება მწვანე ბარათის მიღების პროცესის მხოლოდ დასაწყისია. ასე რომ, სახლის გაყიდვას და უფროსის ლანძღვით სამსახურიდან წამოსვლას ნუ იჩქარებთ.
გამარჯვებით თქვენ ღებულობთ მხოლოდ გარანტიას, რომ აშშ განიხილავს თქვენს მოთხოვნას იმიგრაციაზე. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებთ თუ არა მწვანე ბარათს, მხოლოდ საბუთების შეგროვების, გასაუბრების და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ მიიღება. ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეც გაგრძელდეს.
გამარჯვების შემდეგ საჭირო იქნება სპეციალური DS-260 ფორმის შევსება ოფიციალურ ვებსაიტზე. ფორმაში კიდევ ერთხელ უთითებთ თქვენს პირად და თქვენი ოჯახის — მეუღლის და 21 წლამდე ასაკის შვილების მონაცემებს. ფორმის შევსების შემდეგ, აუცილებლად უნდა ამობეჭდოთ საბოლოო დასტურის გვერდი (Confirmation page). მის გარეშე გასაუბრებაზე არ დაიშვებით.
ფორმის შევსების შემდეგ მონაცემებს დაამუშავებს კენტუკის საკონსულო ცენტრი (KCC) აშშ-ში და მიიღებთ უნიკალურ ნომერს და თარიღს, როცა უნდა მიხვიდეთ თბილისში, აშშ-ს საელჩოში დანიშნულ გასაუბრებაზე.
რა ხდება საბოლოო გასაუბრებაზე?
თბილისში აშშ-ს საელჩოში საკონსულო ოფიცერს გაესაუბრებით, სადაც საბოლოოდ გარიკვევა, მიიღებთ თუ არა თქვენ და თქვენი ოჯახი (მეუღლე და შვილები 21 წლამდე) მწვანე ბარათებს.
გასაუბრების თარიღამდე აუცილებლად უნდა მოაგროვოთ საჭირო საბუთები. პირველ რიგში, იმ ორი აუცილებელი პირობიდან ერთ-ერთის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ — 11 კლასის დასრულების ატესტატი ან მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი მოწმობა. კვალიფიკაციის ამ ფორმით დადასტურება საჭიროა მხოლოდ გამარჯვებული პირისთვის, ოჯახის წევრებს ეს არ მოეთხოვებათ.
გარდა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთისა, დამატებით სხვა დოკუმენტების მოგროვებაც საჭიროა. მიმდინარე წლისთვის აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი ამ გვერდზეა მოთავსებული. სია საკმაოდ გრძელია, ამიტომ გასაუბრებისთვის მზადება მაქსიმალურად ადრე უნდა დაიწყოთ.
გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა, ადგილობრივი საელჩო შესაძლოა ითხოვდეს დამატებით მასალებს. აუცილებლად გადაამოწმეთ თბილისის საელჩოს მოთხოვნებიც იმავე გვერდზე. ამჟამინდელი მოთხოვნები თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოდან ამ ბმულზეა მოთავსებული და მათ შორისაა ცნობები ნასამართლეობის შესახებ, ჯანმრთელობის ცნობები და სხვა.
გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ში წასვლა აუცილებელია? სულ იქ უნდა ვიცხოვრო?
არა, აშშ-ში წასვლას არავინ გავალდებულებთ. თუმცა, ჩვენი რჩევა იქნება, თუ არ გსურთ ამერიკაში ცხოვრება, საერთოდ ნუ მიიღებთ მონაწილეობას გათამაშებაში და ნუ შეუმცირებთ შანსს მათ, ვისთვისაც გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.
მწვანე ბარათის მიღების აუცილებელი პირობაა, რომ აშშ-ში ცხოვრობდეთ წელიწადში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. დანარჩენ პერიოდში, შეგიძლიათ თავისუფლად იაროთ სხვა ქვეყნებში და გაჩერდეთ იქ არაუმეტეს დარჩენილი 6 თვისა.
შეიძლება მიღებული გრინ ქარდი დავკარგო?
კი, მწვანე ბარათის გაუქმება შესაძლებელია და ასეთ დროს მაშინვე მოახდენენ თქვენს დეპორტირებას აშშ-ს ტერიტორიიდან.
გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოგზაურობის პერიოდის დარღვევა. თუ თქვენ ყოველი წლის მანძილზე მინიმუმ 6 თვეს აშშ-ს ტერიტორიაზე არ გაატარებთ, თქვენი სტატუსი გაუქმდება. ასევე, შეიძლება შეგექმნათ პრობლემა, თუ შეიცვლით აშშ-ში საცხოვრებელ ადგილს და ამის შესახებ არ აცნობებთ საემიგრაციო სამსახურს.
მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენი მწვანე ბარათი შესაძლოა გაუქმდეს, არის დანაშაულის ჩადენა. ნებისმიერი ტიპის კრიმინალური ქმედების შემთხვევაში, თქვენი საქმე გადაეცემა საემიგრაციო მოსამართლეს, რომელიც, მაღალი ალბათობით, თქვენი დეპორტაციის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მაქვს შანსი გავხდე აშშ-ს ნამდვილი მოქალაქე?
როგორც უკვე ვთქვით, მწვანე ბარათი არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობას. მწვანე ბარათს თავისი შეზღუდვები აქვს (მაგალითად, აშშ-ში მინიმუმ 6 თვის გატარება წელიწადში) და არსებობს მისი გაუქმების საფრთხეები.
მოქალაქედ გახდომა კი ამ შეზღუდვებს და საფრთხეებს ხსნის — მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი დროით იმოგზაურონ და დარჩნენ სხვა ქვეყნებში და არ ეშინოდეთ აშშ-დან დეპორტაციის.
მოქალაქეობის მიღების პროცესს ნატურალიზაცია ეწოდება და მისი დაწყება გამარჯვებულს მწვანე ბარათის მიღებიდან 5 წლის შემდეგ შეუძლია. ანუ, თუ თქვენ 5 წლის მანძილზე “წესიერი” მუდმივი რეზიდენტი იქნებით, წელიწადში მინიმუმ 6 თვეს აშშ-ში დაჰყოფთ და დანაშაულს არ ჩაიდენთ, შეძლებთ გახდეთ ამერიკის სრულუფლებიანი მოქალაქე.
ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია და უამრავი ბიუროკრატიული სალტოს გაკეთებას მოითხოვს. მათ შორისაა ნატურალიზაციის გამოცდის ჩაბარებაც, სადაც უნდა დაამტკიცოთ, რომ ფლობთ ინგლისურად წერის, კითხვის და მეტყველების ელემენტარულ უნარებს, იცნობთ აშშ-ს ისტორიას და სახელმწიფო მოწყობის პრინციპებს. დამატებითი ინფორმაცია ნატურალიზაციის პროცესის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო საიმიგრაციო სტრუქტურის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ.