გირჩის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის მერს კახი კალაძეს ფეისბუკის საშუალებით, პირდაპირი ეთერის რეჟიმით მიმართა და მუშტაიდის ბაღში 8 ოქტომბერს ამომრჩეველთან შეხვედრის ორგანიზების ნებართვა სთხოვა. ჯაფარიძემ ვიდეო მიმართვაში ასევე განმარტა, რომ კალაძის პასუხს სოც. ქსელში დაელოდებოდა.
თბილისის მერმა პასუხი ჯაფარიძეს კომენტარის სახით მისივე კედელზე გავრცელებული ვიდეოს ქვეშ დაუტოვა.
"მიდი ჯაფარ ძმაო მთავარია კანონი და რეგულაციები. და ვინ დაგიშალა? ისე კერძო მართველობაშია გადაცემული ადრე", - წერს კახა კალაძე.
"გირჩის" ლიდერმა კალაძეს პასუხისთვის მადლობა გადაუხადა და მისწერა, რომ სწორედ კერძო მესაკუთრე ფრთხილობს პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების გამო.
"მადლობა პასუხისთვის. ფორმალურად არავინ დამიშალა, მაგრამ დროებით მმართველობაში ვისაც აქვს აღებული, იმას ეშინია რომ შარს მოდებენ და დააჯარიმებენ თუ შემიშვებს და ღონისძიებას ჩამატარებინებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს შიში ჩემგან რომ არ მოდის ეგ ვიცი. ამიტომ, ხვალ დილით მაინც მოგმართავთ ფორმალური წერილით და იქნებ ხვალვე წერილობით დამიდასტუროთ რომ სახელმწიფო ვერ ხედავს პრობლემას ჩემს მიერ მუშტაიდის ბაღში წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარებაში. ან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი გამაყოლეთ, ნებისმიერ დროს რომ პირადად დაარწმუნოს ბაღის დროებითი მმართველი რომ არანაირ რეგულაციას არ ვარღვევ იქ ეკრანისა და გენერატორის შეტანით და ხალხის შეკრებით. მადლობა წინასწარ კიდევ ერთხელ", - წერს ჯაფარიძე.
"გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველს საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩის ერთად ყურებას დიდ ეკრანზე, მუშტაიდის ბაღში სთავაზობს.
ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის მოწყობას სწორედ 8 ოქტომბერს აპირებს. ასეთი გადაწყვეტილება კანდიდატმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.