რა ღონისძიებები გაიმართება 1 ივნისს

2017-05-31 17:06:57

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის სახელოვნებო გაერთიანების ცენტრის ხელმძღვანელმა მარიკა ფიროსმანაშვილმა განუცხადა, 1 ივნისს რუსთავში ღონისძიები 11:00 საათიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. ადგილზე ბავშვთა სურათების გამოფენა და ცარცით ხატვა მოეწყობა, გარდა ამისა რამდენიმე საბავშვო ანსამბლი მაყურებლის წინაშე სიმღერებით წარსდგება.

16:00 საათზე რუსთავის ისტორიულ მუზეუმში   ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით - "სამყარო ბავშვების თვალით" გაიხსნება.

17:00 საათიდან, სადღესასწაულო ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდება. პატარებს პარკის ტერიტორიაზე ანიმატორები დახვდებიან,  მათ  ნაყინითა და ლიმონათით უფასოდ გაუმასპინძლდებიან და ფერად ბუშტებს დაურიგებენ.

17:00 სათზე  ამფითეატრში ბავშვებისათვის დაიწყება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას რუსთავის ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა, ფოლკლორის სკოლა,  რევაზ ლაღიძის სახელობის #3 სამუსიკო სკოლა, ჯანსუღ კახიძის სახელობის #4 სამუსიკო სკოლა, სიონის სამრევლო სკოლასთან არსებული ანსამბლი "მთაწმინდელი", ფოლკლორული ანსამბლი "საუნჯე",ანსამბლი "ბექთარ", ბავშვთა საესტრადო ანსამბლი "აკორდი" ,მუსიკალური სტუდიები: "ნამ", "აპრილ",  "სიმღერის სკოლა" და  "ლილე" მიიღებენ

20:00 საათზე პარკში გიგი ადამაშვილის კონცერტი დაიწყება, დასასრულს რუსთაველი ახალგაზრდები პატარებთან ერთად, ცაში მანათობელ ფრანებს გაუშვებენ.