სიმპტომების არმქონე პაციენტების გადაყვანა საკარანტინე ტიპის სასტურმოებში უკვე დაიწყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ასეთი ინფრასტრუქტურა 3 ქალაქშია გამოყოფილი.
"უკვე მეორე დღეა ჩამოყალიბდა ასეთი მოდელი, ჰოსპიტალის შემდგომი მეთვალყურეობის და მკურნალობის. გამოიყო თბილისში, ქუთაისში და ბათუმში საკარანტინე ტიპის სასტუმროები, რომლის ინფრასტრუქტურა იდენტურია და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც სტაციონარი. ამ სამ სასტუმროში უკვე გადადის პაციენტების ის ნაწილი, რომელიც არის ასიმპტომური. ანუ გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიულად არის ასიმპტომური. კლინიკურად მსუბუქი სიმძიმის შემთხვევაში, როცა ლაბორატორიული მაჩვენებლებიც იძლევა იმის საფუძველს, რომ რისკები არ არის დაავადების დამძიმების, აი ასეთი პაციენტების ნაწილი უკვე გადაყვანილი არიან და კიდევ გადავლენ ამ სამი საავადმყოფოს ტიპის სასტუმროს ინფრასტრუქტურაში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.