მიხეილ რამიშვილი დრონის კადრებს გაეცნო

2020-09-07 17:43:43

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებულ დრონის კადრებში ის ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს, ასახული არ არის.

როგორც რამიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, კადრების მიხედვით, სამძებრო სამუშაოები აღნიშნულ ლოკაციაზე არ ყოფილა.

“შემთხვევის ადგილას მიახლოებითაც კი არ არის ტერიტორია დაფიქსირებული. გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული. არ ვიცი, სად ახორციელებდა თეთრიწყაროს პოლიცია დრონის გადაღებებს და სად ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს, ჩემთვის გაუგებარია. თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია არანაირ სამძებრო სამუშაოებს არ ახორციელებდა. არაფრის მომცემი კადრები არ არის. სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც ბოლო ინფორმაციით გაიარა თამარის ავტომობილმა", - განაცხადა რამიშვილმა.

ასევე, რამიშვილის განცხადებით, ჩანაწერები მოიცავს 19 ივლისიდან 21 ივლისამდე პერიოდს და ჯამში,  საქმეში დრონის კადრების 9 ჩანაწერი ინახება.

გარდა ამისა, რამიშვილმა "ინფო რუსთავს" დაუდასტურა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში სისხლის კვალის პოვნასთან დაკავშირებით. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, მანქნაში ასეთი 4 კვალია ნაპოვნი. რამიშვილი აცხადებს, რომ: "შესაძლოა სისხლდენა გამოწვეული ინექციით ყოფილიყო".

შეგახსენებთ, "ინფო რუსთავის" არქივში ინახება გარდაცვლილი გოგონას პოვნის დღეს, 22 ივლისს, აერო გადაღების კამერით დაფიქსირებული ფოტო, სადაც მინდორზე დატოვებული მანქანის კვალი აშკარად ჩანს. ინფორმაციისთვის, სწორედ ავტომობილის კვალს მიიჩნევს ოჯახი საქმის ერთ-ერთ მთავარ საეჭვო გარემოებად. პორგრამისტის ოჯახი ფიქრობს, რომ გაუჩინარების დღიდან ბაჩალიაშვილის ავტომობილი იქ, სადაც ის 22 ივლისს იპოვეს, არ მდგარა და მანქანა ტერიტორიაზე მას შემდეგ შეიყვანეს, რაც ფონიჭალაში აქცია გაიმართა.