რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა გრძელდება [video]

2020-09-06 19:05:24

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა განახლდა - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ფონიჭალის მოსახლეობამ მიაწოდა. [ვიდეო/video]

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, ავტობანის მე-2 მონაკვეთზე, სადაც მოსახლეობასთან მოლაპარაკებების გარეშე მშენებლობა არ უნდა განახლებულიყო, რამდენიმე დღეა, რაც აქტიური სამუშაოები მიდმინარეობს.

"თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა გრძელდება. რკინიგზის ხიდის ქვეშ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, ღამე ტერიტორია განათებული აქვთ დიდი სანათებით, ასევე რკინიგზის ხიდი შემოსაზღვრულია რკინის ღობით და იქ ქვეითად მოსიარულეც კი ვერ შეძლებს გადაადგილებას. იქნებ დაგვეხმარით გარკვევაში, თუ რისთვის იღებენ მიწის მასას რკინიგზის ხიდის ქვეშ და რისთვის მიმდინარეობს 24 საათიანი სამუშაოები", - ნათქვამია ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ "ინფო რუსთავისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

საინფორმაციო სააგენტო ფაქტის გადამოწმებას მუნიციპალური განვითარების ფონდში შეეცადა, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით ფონდში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ფაქტის გადამოწმება ვცადეთ თავად ტერიტორიაზე დასაქმებულ მუშებთანაც. მუშები ადასტურებენ, რომ მაგისტრალზე გვირაბის მოწყობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე 3 თვეა აწარმოებენ, 1-ლი სექტემბრიდან კი რკინიგზაზე მატარებლის მოძრაობაც აიკრძალა.

ფონიჭალის მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს. აქციაზე სწორედ იმ კორპუსის მოსახლეობა შეიკრიბა, რომელიც, მათივე თქმით, ავარიულია და ავტობანის მშენებლობა აღნიშნული შენობა-ნაგებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მშენებლობის შეჩერების მიზეზად, ფონიჭალაში მცხოვრებლების პროტესტსა და მათი მხრიდან ფართების დათმობის სანაცვლოდ არარეალური თანხების მოთხოვნას ასახელებდნენ. თავისმხრივ, მოსახლეობა აცხადებდა, რომ ბრალდებები ცრუ იყო და ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ დროს მზად იყვნენ.