რუსთავის ავტობანისა და სპორტის სასახლის მომავალი [video]

2020-07-12 18:45:27

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთი, ასევე სპორტის სასახლე რუსთავში აშენდება, თუმცა არავინ იცის - როდის. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს ესაუბრა. ცქიტიშვილის განცხადებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის დროში გაწელვა მოსახლეობის ნაკლებად კონსტრუქციულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.

"ინფო რუსთავმა" მინისტრს განუმარტა, რომ ფონიჭალაში მცხოვრებლები ბოლო პერიოდში მზად იყვნენ დათმობებზე წასასვლელად და დაინტერესდა, შედგა თუ არა მოლაპარაკებები მოსახლეობასა და უწყებას შორის, რაზეც მინისტრმა განგვიცხადა, რომ ადამიანთა ცალკეული ჯგუფი შესაძლოა მზად იყოს დათმობებზე წასასვლელად, მეორე კი არა.

"ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იყო გამოხატული საკმაოდ აქტიური პროტესტი. კომუნიკაცია არის ყოველთვის ამ ჯგუფებთან. საქმე ისაა, რომ შესაძლოა ცალკეული ადამიანები გამოთქვამდნენ მზაობას, თუმცა მეორე ჯგუფი ამ მზაობას ჯერ კიდევ არ გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვიყავით, მოლაპარაკებაში შევსულიყავით, მათ მიერ დასახელებული ფასი დაახლოებით, სამჯერ აღემატებოდა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ დადგენილ ფასს. რა თქმა უნდა, ამ მონაკვეთზეც უნდა დასრულდეს სამუშაოები, სამწუხაროდ დროში გადაიწია მოსახლეობის ნაკლებად კონსტრუქციული დამოკიდებულების გამო", - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფონიჭალაში, გზის ნაპირას არსებული კორპუსების მცხოვრებლები ბრალდებებს თანხებთან დაკავშირებით იმთავითვე არ აღიარებდნენ და "ინფო რუსთავთან" საუბარში ამ ეტაპზეც აცხადებენ, რომ მზად არიან სამინისტროსთან მოლაპარაკებებისთვის.

საინფორმაციო სააგენტომ მაია ცქიტიშვილს ასევე კითხვა დაუსვა რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სპორტის სასახლესთან დაკავშირებით რუსთაველებმა მიიღეს ხელისუფლებისგან დაპირება და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.