მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია

2020-09-03 11:20:02

"არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, - ამის შესახებ საქართვეოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.

„საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები.

„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა უსაფრთოხების ნორმებისა და რეკომენდაციები დაუცველობის შემთხვევაში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა შესაძლოა მეტად გაიზარდოს და ფართო მასშტაბურ ეპიდემიაში შევიდეთ.

“ქვეყანაში ჯერჯერობით ახალი შემთხვევების დადებითი დინამიკა არ არის. დადებითი დინამიკაა მხოლოდ სიკვდილიანობის პროცენტის შემცირებისკენ და ასევე მსუბუქი შემთხვევების რაოდენობა მძიმე შემთხვევებისას სჭარბობს. სწავლის დაწყების შემდგომ სტატისტიკა მოსალოდნელია, რომ შეიცვლება, გვექნება შემთხვევების ზრდა, თუმცა არა დრამატულად. თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ და მოვაბეზრეთ თავი მოსახლეობას და რომელსაც, სამწუხაროდ უკვე არ იცავს მოსახლეობის უმრავლესობა, საშიშროება დადგება ფართომასშტაბიანი გავრცელებისა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.