რუსთავში, 22-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვი გადაადგილდებოდა.
უმეთვალყირეოდ დარჩენილი დაახლოებით 15-მდე საქონელი იმ ადგილზე გადაადგილდებოდა, სადაც გასულ წელს რამდენიმე ათეული წიწვოვანი ხე-მცნარე დარგეს.
მსხვილფეხა პირუტყვი მწვანე ნარგავებს ანადგურებდა.
ფაქტზე რეაგირება მალევე მოახდინა რუსთავსერვის ცენტრმა. სამსახურის თანამშრომლებმა საქონელი მიმდებარე ტერიტორიიდან გადარეკეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის კონტროლი ზედამხედველობის სამსახურის შემდეგ უკვე “რუსთავსერვის ცენტრს” დაევალა.
ცნობისთვის, მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მსხვილფეხა პირუტყვისთვის, გადარეკვის მიზნებისათვის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ქუჩებზე იქნება შესაძლებელი. საკრებულომ ამისთვის შესაბამისი საათებიც დაადგინა – გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში 06:00 საათდან 08:00 საათამდე და 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში 08:00 საათიდან 10:00 საათამდე და 17:00 საათადან 19:00 საათამდე.
წესის დარღვევის შემთხვევაში, პირუტყვის მესაკუთრისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უპატრონო პირუტყვი ექვემდებარება სპეციალურ სადგომზე გადაყვანას. თუ პირუტყვს პატრონი 30 დღის განმავლობაში არ გამოუჩნდება და ჯარიმას არ გადაიხდის, პირუტყვის რეალიზაცია აუქციონის წესით მოხდება.