რუსთავში სპორტის სასახლე აშენდება [photo/video]

2020-08-24 00:02:24

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლე აშენდება. [ვიდეო/video]

კომპლექსის ასაშენებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლის მშენებლობას ჯერ კიდევ 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2012 წელს შეიცვალა მთავრობა, თუმცა ახალი მთავრობისგან იყო დაპირება, რომ კომპლექსი მაინც აშენდებოდა.

2018 წელს რუსთავის დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა, რომ მშენებლობა დაიწყებოდა, თუმცა არც ამ წელს არ დაძრულა პროექტი.

2019 წელს მე-12 მიკრორაიონში ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო და დაანონსდა, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობა 10-12 თვეში დასრულდებოდა, თუმცა არც მაშინ არ გაკეთებულა არაფერი.

საბოლოოდ რეგიონული განვითარების ფონდმა 21 აგვისტოს ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 19 500 000 ლარია.

სავარაუდოდ, კომპლექსის მშენებლობა სრულად 22 წლისთვის უნდა დასრულდეს.

პროექტით გათვალისწინებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები, ასევე საერთაშორისო ფედერაციების სტანდარტები დარბაზში მაყურებელთა დასაჯდომი ტრიბუნებისთვის (მათ შორის ოფიციალური ტექნიკური პერსონალის განთავსების ადგილი), სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა გასახდელებისა და სველი წერტილებისთვის საჭირო სივრცეები, კვების ობიექტებისთვის საჭირო ნორმები, მაყურებელთა განტვირთვის სქემები და სხვა. პროექტის მიხედვით, შენობა არის სიმეტრიული ფორმის ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია შესასვლელი ცენტრალური ვესტიბიული და მთავარი დარბაზი 8 მეტრის სიმაღლით.

ცენტრალური ვესტიბიულის მხრიდან მოეწყობა მაყურებელთა ცენტრალური ტრიბუნა, ასევე გვერდითა მხრიდან (ფარების უკანა სივრცეებში-2) დამატებითი ტრიბუნები, საერთო ტევადობით 1560 კაცზე. მთავარი დარბაზის გარშემო სიმეტრიულად, განთავსებულია ყველა საჭირო სათავსები, რომლებიც განათებული კორიდორებით უკავშირდება ერთმანეთს მათ შორის: ცენტრალური ვესტიბიული, სატრენაჟორო და კრივის დარბაზი თავისი გასახდელებით, ორი ძირითადი გასახდელი სპორტსმენებისთვის, კონფერენც დარბაზი თავისი დამხმარე ოთახებით, ინვენტარის შესანახი ოთახი, ოფიციალური პირებისა და მწვრთნელების დასასვენებელი ოთახები, ასევე საერთო დანიშნულების სველი წერტილები. დარბაზის ცენტრალურ ვესტიბიულში განლაგებულია კაფე თავისი ტექნოლოგიური ბლოკით, ვესტიბიულში ასევე განლაგებულია სპორტული ინვენტარის მაღაზიები. სპორტულ კომპლექსში გათვალისწინებულია ასპარეზობაში მონაწილე გუნდებისთვის სხვადასხვა - დამოუკიდებელი შესასვლელები.

დარბაზით სარგებლობა შეეძლებათ: მოკრივეებს, მოჭიდავეებს, სხვადასხვა სახეობის ორთაბრძოლის სპორტსმენებს. ასევე განთავსდება მულტი დარბაზი რომლითაც შესაძლებელი იქნება ისარგებლონ კალათბურთელებმა, მინი ფეხბურთის მოყვარულებმა და კიდევ სპორტის რამდენიმე სახეობის მიმდევრებმა

პროექტი "აზიის განვითარების ფონდის" მიერაა დაფინანსებული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები