კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა ე.წ. "გაჩიანის კლასტერს" უკავშირდება.
როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, გაჩიანის დასალებაში, კერძოდ საკარანტინე ზონად გამოცხადებულ სოფელ ყარაჯალარში, კორონავირუსი დაუდასტურდა 11 წლის ბავშვს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ განუცხადა, არასრულწლოვანს ინფიცირება რიგითი ტესტირების დროს გამოუვლინდა.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კოვიდინფიცირებული თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე დღეს განცხადება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
„ერთის გარდა, ცნობილია ყველას ინფიცირების წყარო, რომელზეც ახლა კვლევა მიმდინარეობს. ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ორი სამედიცინო პერსონალია. ორი არის იმპორტირებული, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, სოფელ ყარაჯალარში კვლევა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა და კვლევის დასრულება დამოკიდებულია სოფლის მოსახლეობის დამყოლობაზე.
„სოფელ ყარაჯალარიდან ერთი შემთხვევა გვაქვს გუშინდელ კვლევებში. დღეს ვერ გეტყვით, სრულად დასრულდება თუ არა, იმის და მიხედვით, როგორი იქნება დამყოლობა სოფლის მცხოვრებლების. გუშინ 700-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლირებადია. არაფერი პანიკის საფუძველი არ არის. გვაქვს ერთეული შემთხვევები ყოველდღიურად. მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.