ოჯახის კითხვები და შსს-ს პასუხები [video]

2020-07-02 15:58:52

მას შემდეგ, რაც თეთრიწყაროს ტყეში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, 12 დღე გავიდა. [ვიდეო/video]

18 ივლისის შემდეგ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების,  22 ივლისის შემდეგ კი მისი გარდაცვალების საქმეს იძიებენ საგამოძიებო ჯგუფები - თუმცა ბაჩალიაშვილის ოაჯახის  უამრავი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

როგორც ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და გარდაცვლილი გოგონას დედა, თეონა თამაზაშვილი აღნიშნავენ, თვითმკვლელობის ვერსია თამარის გარდაცვალების საქმეში უნდა გამოირიცხოს. ოჯახი მას შედეგ, რაც საქმე გამოსაძიებლად ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადაეცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შსს-ს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საგამოძიებო ორგანოში მეტ დროს ითხოვენ, რათა გაეცნონ საქმის მასალებს და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ, ამის შემდეგ კი ბაჩალიაშვილის მშობლებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ჰპირდებიან.

რა კითხვები აქვს ოჯახს და რა უმყარებს მათ ეჭვს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს?

  •  რატომ შეუწყდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  სოფლებს 21 ივლისს, საღამოს ხანებში, ელექტროენერეგიის მიწოდება და ხომ არ უკავშირდება აღნიშნული შემთხვევა იმ ფაქტს, რომ ავტომობილი ტყეში, სადაც შემდეგში თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, სწორედ ამ პერიოდში შეიყვანეს?
  •  სად არის თამარ ბაჩალიაშვილის დრონით ძებნის ჩანაწერები? რატომ არ აწვდის გამოძიება ოჯახის ადვოკატს ჩანაწერებს, რომელსაც ის უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს?
  • რატომ ვერ იპოვეს ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს მდებარე ავტომობილი 5 დღის განმავლობაში, თუ ავტომობილი ნამდვილად იძებნებოდა და რატომ გამოჩნდა მანქანა ბაჩალიაშვილის მეზობლების მიერ აქციის გამართვიდან მეორე დღეს?
  • რატომ ეცვა გოგონას სახლიდან გასვლისას შავი ფერის სამოსი, ხოლო მაშინ, როცა ის იპოვეს, თეთრი?
  • რატომ დახვდა ბაჩალიაშვილის ადვოკატს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გოგონას კუთვნილი ლეპტოპი დაულუქავ მდგომარეობაში, რატომ მოხერხდა კომპიუტერის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვა დააანონსა და ხომ არ შეაღწია ლეპტოპში გამოძიებამ მის ოფიციალურ გახსნამდე?
  • რატომ აღარ იძებნება ბაჩალიაშვილის ფეისბუკ გვერდი სოციალურ ქსელში?
  • მაშინ, როცა სამართალდამცავმა ორგანომ თამარის გაუჩინარების შესახებ შეიტყო, რატომ ამოიღო კამერების ჩანაწერები მხოლოდ ფონიჭალიდან მარნეულის მიმართულებით გზაზე და რატომ არ დაინტერესდა, ფონიჭალა-რუსთავის მაგისტრალით? იცოდა თუ არა პოლიციამ, რომ თამარი პირდაპირ თეთრიწყაროს მიმართულებით არ წასულა და დაინტერესდა თუ არა საქმის ამ ეპიზოდით?
  • რატომ ფიქსირდება გოგონა რამდენიმე ლოკაციაზე თუ მას თვითმკვლელობა ჰქონდა ჩაფიქრებული, ხომ არ უკავშირდება ეს გზის აბნევისა და გამოძიების ჩიხში შეყვანის მცდელობას?

ოჯახი ელოდება, რა ქმედით ზომებს გაატარებს ახალი საგამოძიებო ჯგუფი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად. მათი თქმით, ბოლომდე იბრძოლებენ, რათა სიმართლეს მიაკვლიონ და გაიგონ, რა გახდა 23 წლის წარმატებული პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზი.

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ საქართველოს მთავრობის მეთაურთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის მოთხოვნაც დააყენა. ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ "ეს „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი მკვლელობა რომ ყოფილიყო, აქამდე გამოძიებული იქნებოდა" და კითხვებზე პასუხის გაცემას გახარიასგან ითხოვს, რადგან პრემიერმა დადო პირობა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანდა 23 წლის გოგოს გარდაცვალების საქმის გამოძიებას.