"კორონავირუსის არსებობის არ გვჯერა"

2020-07-31 14:39:31

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა.

საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მოსახლეობამ სოფლის შესასვლელთან აქცია გამართა.

აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე სოფლის გახსნა არ მოხდება, რადგან ვირუსის ინკუპაციის პერიოდი გასული არ არის. "2 დღეში მასობრივი ტესტირება დაიწყება და მას შემდეგ რაც სრული სურათი იქნება ნაჩვენები უკვე შესაძლებელი იქნება დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნა. დღეის მდგომარეობით სოფელ ყარაჯალარში 37 დადასტურებული ფაქტია რაც არ არის ცოტა. სამწუხაროდ სოფლის მოსახლეობის ნაწილს კორონავირუსის არსებობის არ სჯერა",-აცხადებს რეხვიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ.

სამართალდამცველების მიერ კონტროლდება სოფელთან მისასვლელი მეორეხარისხოვანი გზებიც, რომელთა მუდმივი მონიტორინგი მობილური ჯგუფების მეშვეობით ხორციელდება.