ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
"რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება. მოკლედ არჩევანი თქვენზეა. თუ არადა ვიაროთ ერთ წრეზე", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კობაიძე.
"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის ადვოკატს დაუკავშირდა. როგორც კობაიძემ განაცხადა, დიდი ალბათობით, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, თუმცა, ჯერჯერობით არ იცის, რომელს. ალექსანდრე კობაიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ქართულმა ოცნებამ" რუსთავში საკუთარი კანდიდატურა დაასახელა.
"რომ ვნახე, ოცნება ისევ დასცინის რუსთაველებს, მივიღე ეს გადაწყვეტილება. ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტული კუთხით, არაფერს წარმოადგენენ რუსთავისთვის და არაფერი უკეთებიათ ამ ქალაქისთვის, ინიშნებიან მაჟორიტარობის კანდიდატებად, იმიტომ, რომ ვიღაცას აწყობს, ეს დრო უნდა დასრულდეს რუსთავში", - აცხადებს კობაიძე.
ასევე, ადვოკატმა შეაფასა მისი სავარაუდო კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციიდანაც. კობაიძის განცხადებით, დავით კირკიტაძე "ოდიოზური პიროვნებაა და მას თავისი პრობლემებიც ეყოფა".
რუსთაველი ადვოკატი ფიქრობს, რომ მას ძლიერ კონკურენციას მმართველი პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები ვერ გაუწევენ.