დაკავებული ბრალს არ აღიარებს

2020-07-23 13:31:53

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.

პოლიციელს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - გაუპატიურება ედება.

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზაზა ალავერდაშვილი ბრალს არ აღიარებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციელის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავეს.

ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და ისინი ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ.

"გუშინ წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი ჩამომერთვა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს ეხება, რისი გახმაურების უფლებაც არ მაქვს. პირად საუბარში ბრალდებულმა რა მითხრა, ვერ მოგახსენებთ", - აცხადებს ვათიაშვილი.

ცნობისთვის, ზაზა ალავერდაშვილს ბრალი გუშინ წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.