თუ გავრცელება მასშტაბური იქნება, არ არის არაფერი გამორიცხული, რომ შეზღუდვები დაწესდეს, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის შემტხვევების გავრცელების ფაქტები 8 ივლისიდან დაფიქსირდა. გარდაბანში არის დასახლება ლელაშხა, სადაც აბიტურიენტს და ოჯახის წევრს, ასაკოვან ქალბატონს, დაუდასტურდათ დაავადება. შემდეგ უკვე საკარანტინე სივრცეებში ამ ოჯახიდან კიდევ სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ყარაჯალარში და ყარათაკლიაში ასევე დადასტურდა ინფიცირების ფაქტები. ჯამში ამ ეტაპისთვის 23 ფაქტია დადასტურებული და ჩვენ დავიწყეთ ყარაჯალარში 6 სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით დღეს უკვე მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კვლევები, რათა გავარკვიოთ, რა მდგომარეობაა. ამის შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან ჩამოსულია სამი ჯგუფი და ეპიდკვლევა 6 კონკრეტულ ადგილზე დაიწყო.
„ორგანიზებულად გამოგვყავს ხალხი. ვვარაუდობთ, რომ სადღაც 600-დან 700-მდე ადამიანი ჩააბარებს ანალიზს და დაველოდებით შედეგებს. ამ პერიოდის მანძილზე საკმაოდ დიდი რაოდენობის კვლევებია ჩატარებული. გუშინაც საკარანტინე სივრცეში ამ სოფლიდან დაემატა სამი დადასტურებული ფაქტი, საერთო ჯამში დღეს ყარაჯალარში 14 დადასტურებული ფაქტია და ყარათაკლიაში - 4. სულ საერთო ჯამში 18 და მუნიციპალიტეტში 23. დღეს ჩატარებულ ტესტირებასთან დაკავშირებით პასუხები იქნება ხვალ. თუ გავრცელება მასშტაბური იქნება, არ არის არაფერი გამორიცხული, რომ იყოს დაწესებული შეზღუდვები“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.