შს მინისტრის მოადგილემ კითხვებს უპასუხა

2020-07-07 14:35:32

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება, მათ შორის 121 ჩხრეკა, გამოკითხულია 93 პირი.

რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში 40 პირისგან - ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ბრალდებულებისგან და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები.

მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეო სათვალთვალო კამერების დაახლოებით 600 საათამდე ჩანაწერი.

საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

მისივე თქმით, თუ შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე შემდეგი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა.

რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი“, - აცხადებს ბორცვაძე.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა მედიაში გავრცელებულ კადრებზე, რომლის მიხევითაც იაკობ ბრეგვაძეს პოლიციამ შემთხვევის ადგილზე შკოდის ტიპის ავტომობილით მიაკითხა, და განაცხადა, რომ აღნიშნულ კადრებში არა პოლიციელები არამედ ტოიოტას ფირმის ტაქსის ავტომობილი ჩანს. ამ დროისთვის კი უკვე დაკითხულია ტაქსის მძღოლიც.

მისივე თქმით,ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთაში „შკოდას“ ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა, ტყუილია.