20 წლის ბიჭი მოკლეს

2020-07-03 21:33:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს - 2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, დმანისის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.