კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება

2020-07-03 16:15:12

სახის ტონალურ საცხში "მაკი" მცირე რაოდენობის ტყვია აღმოაჩინეს. ასევე, ეტიკეტირების წესის დარღვევა აღმოჩნდა ტანის საცხში "სთროუბერი ფეშიონ" - ამის შესახებ ინფორმაცია "მომხმარებელი.ჯი"-ზეა გამოქვეყნებული.

მიმდინარე წლის 21 აპრილს გამოქვეყნდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 40 პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. 6 ნიმუშში შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო. აღნიშნული კვლევების ჩატარების შემდეგ, დარჩენილი ნიმუშების შედეგებიც გამოქვეყნდა.

"პროდუქცია შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“  ზოგიერთი კონსერვანტის, ტყვიისა და დარიშხნის შემცველობაზე.

2 ნიმუშზე ეტიკეტირების წესები იყო დარღვეული (იხ. ნიმუშები N.3 და N.5 ქვემოთა სიაში). ეს პროდუქტები დაშვებულ პარაბენებს შეიცავდა, მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს. გარდა ამისა, N.5 ნიმუშში მცირე ოდენობით ტყვიაც აღმოჩნდა.

ამ ტიპის პროდუქციაში ტყვიის არსებობა დაუშვებელია როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მოქმედი ნორმების მიხედვით. თუმცა, ვინაიდან ეს ნივთიერებები ბუნებრივ გარემოში გვხდება, მათ შეიძლება შეიცავდეს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნედლეული, ჭურჭელი, რომელშიც ეს პროდუქციაა განთავსებული, ან ისინი პროდუქციაში საწარმოო პროცესის დროს მოხვდეს. ამიტომ ევროკავშირში დაშვებულია ტყვიის ნარჩენების არსებობა პარფუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იმ შემთხვევებში, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში", - ნათქვამია საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.