1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 250 ლარი ხდება (ზრდა +30 ლარი), ისარგებლებს დაახლოებით 410 ათასზე მეტი პენსიონერი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.
გარდა ამისა დღეიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პენსია დამატებით 30 ლარით ეზრდებათ.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაზრდილი ოდენობის სოციალურ პაკეტს 40 000-ზე მეტი პირი მიიღებს.
„2020 წლის 1-ლი ივლისიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (I ჯგუფი) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს პენსია დამატებით 30 ლარით ეზრდებათ, ჯამში 250 ლარი ექნებათ თვეში.
გაზრდილი ოდენობის სოციალურ პაკეტს 40 000-ზე მეტი პირი მიიღებს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.