შოთა რუსთაველის ბიუსტი რამდენიმე წელია მეგობრობის №10-ში დგას, თავდაპირველად აღნიშნულ ადგილას მწერალთა სახლი იყო, ბოლო წლების განმავლობაში კი არსებული შენობა სავაჭრო ობიექტს ეკავა. შოთა რუსთაველის ბიუსტის ადგილმდებარეობას რამდენიმე თვის წინ ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევდა, რომ ბიუსტი შეუფერებელ ადგილზე იყო განთავსებული. ამ დროისთვის კი ჰიგიენური საშუალებების მაღაზია დაიხურა, თუმცა ქართველი პოეტის ბიუსტი კვლავ იმავე ადგილას რჩება. „ინფო რუსთავი“ სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის დირექტორ მარიკა ფიროსმანაშვილს დაუკავშირდა, როგორც მან განაცხადა ბიუსტის გადატანის პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ახლო მომავალში მას რუსთაველის ქუჩაზე, მუსიკალური სკოლის წინ, დადგამენ.