კორონავირუსის ახალი შემთხვევები

2020-05-14 20:57:33

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევებიდან შვიდი არის სოფელ მუშევანთან დაკავშირებული პირი, ხოლო რვა სოფელ გეტას კლასტერიდანაა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ სოფლებში კიდევ მიმდინარეობს მუშაობა.

„იქ კიდევ მიდის დამატებითი კვლევები და მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე. ბოლნისში არ არის ეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებშია. გამოცხადდება, რომელი სოფლებია. საუბარია ორ სოფელზე. ინფორმაცია სწორია, რომ ამ ეტაპზე 15 ადამიანს აქვს დადასტურებული „კოვიდ-19“. კიდევ მიდის დამატებითი კვლევები. პისიარკვლევები ჩატარდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლნისის ორი სოფელი მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოკვლეული და ტესტირება გაგრძელდება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ წინა კვირაში მარნეულში ჩავატარეთ გაფართოებული ტესტირება, 1600-1700-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ და მხოლოდ ერთში დადგინდა. ასევე, შემდგომი ნაბიჯი გვქონდა, რომ უნდა გამოგვეკვლია ერთი სოფელი, რომელიც იყო ძალიან დაზიანებული ბოლნისში, სადაც გვქონდა ყველაზე მეტი შემთხვევა ადრე. ამიტომ იმ სოფლის მოსახლეობა და კიდევ მასთან მიმდებარე სოფელი იქნა გუშინ გამოკვლეული, მაგრამ სრულად არა, ნაწილობრივ და იქ ხვალ კიდევ გაგრძელდება კვლევები. იგეგმება მთლიანად სოფლის მოსახლეობის კვლევა. გუშინ ჩატარდა დაახლოებით 140 ადამიანზე ამ ორ სოფელში და გრძელდება ეს კვლევები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ შესაძლოა ბოლნისში ღონისძიებები გამკაცრდეს.

"ბოლნისის რეგიონი კვლავ საყურადღებოდ დარჩება და არის მოლოდინი, რომ თუ შემდეგ დღეებში იქ 10 და 10-ზე მეტი ინფიცირებულის რაოდენობა იქნება, ამ რეგიონში ღონისძიებებს გავამკაცრებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის, ბოლნისში 137 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც 46 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.