მთავრობა კიდევ ერთ შეზღუდვას ხსნის

2020-05-14 11:16:53

18 მაისიდან საქართველოში 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა ღია და დახურულ სივრცეებში იხსნება, თუმცა აკრძალვა მსუბუქ ავტომობილებში კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ განცხადება საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობებით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. პროფესიონალების რეკომენდაციები ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

აქვე განვმარტავთ, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს",- წერია განცხადებაში