ბანკების მიერ მსესხებლებისთვის შეთავაზებულ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს. ძნელაძის თქმით, ამ პროცესის გაგრძელება ისე მასშტაბურად, როგორც მისი შემოღება მოხდა, აღარ იგეგმება. თუმცა, გარკვეული შეთავაზებები ისევ განიხილება.
„საშეღავათო პერიოდის გაგრძელება ისე ერთბაშად და იგივე პრინციპით, როგორც გადავადდა ყველასთვის, აღარ იგეგმება. თუმცა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მსესხებლებისთვის. ამ ეტაპზე, ბანკების მხრიდან ერთიანი პოზიცია არ არის, მაგრამ ვმუშაობთ და ვნახოთ, რა შეთანხმებამდე მივალთ“, -აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
არსებული ინფორმაციით, საშეღავათო პერიოდით 600 000-მა ადამიანმა ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის გამო, ბანკებმა თავიანთ მსესხებლებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი მარტში შესთავაზეს.