რომელ საათზე იხსნება რუსთავი

2020-05-11 00:02:06

რუსთავში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 14 მაისიდან მოიხსნება. ქალაქში შესვლა და ქალაქის დატოვება მოქალაქეებს 14 მაისს დილის 06:00 საათიდან შეეძლებათ.

14 მაისიდან აღდგება გადაადგილება გარდაბანშიც, მარნეულში შეზღუდვა 18 მაისს მოიხსნება. ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.

"თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ, ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება სწრაფად და ეფექტურად მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა.

ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე პასუხისმგებლიანად უდგებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ასევე გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის და სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა," - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.