რა უნდა გაითვალისწინონ რუსთაველმა მძღოლებმა

2020-04-27 17:52:49

პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით 27-28 აპრილს ქვეყანაში არსებული რიგი აკრძალვები დროებით მოიხსნება.

4 დიდი ქალაქი, რუსთავი, თბილისი, ქუთაისი და ბათუმი 2 დღის განმავლობაში გაიხსნება და ამ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც სხვა რეგიონებში/სოფლებში იმყოფებიან, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლება ეძლევათ.

საინფორმაციო სააგენტოს ინფო რუსთავს ყოველდღიურად უკავშირდებიან და აკრძალვების მოხსნასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის კითხვას უსვამენ.

ჩვენ კი ამ კითხვებით მთავრობის ცხელ ხაზზს მივმართეთ.

შემიძლია თუ არა, სოფელში ორჯერ ჩავიდე და ჩამოვიდე, რადგან ოჯახის წევრების სიმრავლის გამო ერთხელ წასვლა საკმარისი არ იქნება?

ცხელ ხაზზე ამ კითხვას ასე უპასუხეს: თუ სოფლიდან ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების მიზნით ჩამოგყავთ ოჯახის წევრები, შესაძლებლობა გაქვთ, რომ ორჯერ წახვიდეთ და წამოხვიდეთ.

არ ვარ ოფიციალურად რუსთავში ჩაწერილი, მაგრამ ქირით/გირით  ვცხოვრობ და ახლა ვიმყოფები სოფელში/რეგიონში, შემომიშვებენ თუ არა ქალაქში.

ცხელ ხაზზე გვპასუხობენ: თუკი თქვენი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის რუსთავი და ამის გადამოწმება შესაძლებელია, დაკავშირება მასთან, ვისგანაც საცხოვრებელ სახლს ქირაობთ/გირაობთ, დიახ თქვენ შეგიძლიათ ქალაქში შემოსვლა.

ვარ რუსთავში ჩაწერილი, მაგრამ საცხოვრებელი სახლი მაქვს სოფელშიც, შევძლებ თუ არა ქალაქიდან სოფელში წასვლას?

ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ თუკი სოფელში ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლი გაქვთ, სადაც დარჩენას შეძლებთ კი, თქვენ რუსთავიდან სოფელში წასვლის შესაძლებლობა მოგეცემათ.

შემიძლია თუ არა სოფლიდან რუსთავში ტაქსით დავბრუნდე?

დიახ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თუ იმყოფებით სოფელში, თქვენს ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე, მაგალითად რუსთავში, ტაქსით დაბრუნდეთ.

ვარ ორსული და მესაჭიროება დაგეგმილი ვიზიტი ექიმთან, შემეძლება თუ არა 27-28 რიცხვებში თბილისში უპრობლემოდ გადაადგილება?

ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, საჭიროა ექიმთან წინასწარ დაკავშირება, რომელიც თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს თქვენს მონაცემებს და ქალაქიდან გასვლის და შემოსვლის უფლება მოგენიჭებათ. ანუ 27-28 რიცხვებში, მიუხედავად იმისა, რომ რიგი აკრძალვები იხსნება, ექიმთან დაგეგმილი ვიზიტისთვის რუსთავიდან თბილისში ჩასასვლელად მაინც გესაჭიროებათ სპეციალური საშვი, რომელსაც თქვენი მკურნალი ექიმი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცემს.

ვიმყოფები სოფელში და რუსთავში საკვები პროდუქტების მომარაგებისთვის მინდა ჩამოსვლა. შესაძლებელია თუ არა მერე ისევ უკან სოფელში დაბრუნება?

ცხელ ხაზზე გვიპასუხეს: 4 დიდ ქალაქში, რუსთავში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, 27-28 აპრილს საკვები პროდუქტების ყიდვისა და მერე ისევ სოფელში დაბრუნების მიზნით გადაადგილება არ შეიძლება.

ამ ოთხ ქალაქში შესვლა და გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც საცხოვრებელ სახლში ბრუნდება. რაც შეეხება საკვები პროდუქტების ყიდვისთვის სოფლიდან ჩამოსვლას და უკან დაბრუნებას, ამგვარი გადაადგილება სხვა დიდ ახლობელ ქალაქებში იქნება შესაძლებელი. რომლებიც მანამდეც არ იყო ჩაკეტილი.

შეგახსენებთ, რუსთავში და დანარჩენ სამ დიდ ქალაქში, რომლებიც 15 აპრილს ჩაიკეტა, გადაადგილება 27-28 აპრილს მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების მიზნით არის შესაძლებელი. 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები