შეზღუდვები იხსნება

2020-04-24 14:45:51

27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, ავტომობილებით გადაადგილება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია ტიპის აგრარული ბაზრობის საქმიანობა. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს.

"ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მკაფიოდ შექმნილი პროტოკოლები, რომლებიც ნიშნავს, რომ მაგალითად ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით, მაგალითად ღია აგრარულ ბაზრებს აქვთ სპეციალური ეპიდემიის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში ეს მიმართულებები ორშაბათიდან იქნება გახსნილი და ნებადართული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მეთაურმა დღეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარდგინა. თავდაპირველად პრემიერმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პირველ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც ფასების ზრდის შეჩერებას, მოქალაქეებისთვის სესხის გადავადებას და კომუნალურ შეღავათებს ეხებოდა. გიორგი გაზარიამ გლობალური პანდემიის გამოწვევებზეც ისაუბრა.